logo
ENG



კობახიძე: ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ ყველა კეთილსინდისიერ მოსამართლეს

19 აპრ 202323:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/kauf5t4j9le6o4y.png

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრის ჩაგდებით ერთგულება "კეთილსინდისიერ მოსამართლეებს" დაუდასტურეს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ ყველა კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელთა მონაწილეობითაც ფუნდამენტურად შეიცვალა საქართველოში სასამართლო სისტემა 2012 წლიდან მოყოლებული, ეს იყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი", - განაცხადა მან.

მმართველი პარტიის წევრების მსგავსი განცხადებების მიუხედავად, კენჭისყრის ჩაგდებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ ამით ქართულმა ოცნებამ ე.წ. კლანის ინტერესები დაიცვა. ამას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩიც საქართველოში, კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ 52-მა გაიარა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა