მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი მედიაციით შექმნილ დოკუმენტს "აბსურდულსა და სამარცხვინოს" უწოდებს. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
"ანულირებულია ეს, იყო აბსურდული შეთანხმება, აბსურდული ჩანაწერებით, აბსოლუტურად უსამართლო. მიზანი ჰქონდა ორი: ხელისუფლების შეცვლა, ხალხის ნების წინააღმდეგ, არჩევნების შედეგის მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული იყო საპარლამენტო არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებს მიება საპარლამენტო არჩევნები.
ჩვენ კომპრომისზე წავედით, თორემ ეს ხომ აბსურდული შეთანხმება იყო, სამარცხვინო, თავსმოხვეული შეთანხმება იყო, ეს ერთი. მეორე მიზანი ამ პოლიტიკური შეთანხმების იყო სასამართლოზე ნაცმოძრაობის მეშვეობით გარკვეული გავლენების აღდგენა გლობალური ომის პარტიის მხრიდან, ანულირებულია ეს შეთანხმება", - განაცხადა მან.
ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.
2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.
რა წერია 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში ნახეთ აქ.