logo
ENG



კობახიძე პოლონელ ექიმზე: უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლებისგან

15 ივლ 202314:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/mlivfue6vzus0mb.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის "მალულად გატანა" სცადა და აცხადებს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი პასუხების გაყალბება შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, ამ შემთხვევაზე განმარტება უნდა გააკეთოს პოლონეთის ხელისუფლებამ.

"მე მგონია, ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. მე არ ვიცი, ექსპერტებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან, მე მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ეს ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა.

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ, რომ მე როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში.

მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს მოკვლევას საჭიროებს, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს, აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა, სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, მე უბრალოდ, არ ვიცი", - განაცხადა მან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა. პენიტენციური ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.


close დახურვა