ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინული მხარის მიერ 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს თემა "აბსურდულია და კომენტარის გაკეთებაც არარელევანტურია".
კობახიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს თავისი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ "საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურთ".
"ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ მანამდეც გვახსოვს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, შესაბამისად აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით, სიახლე არაფერია ამაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი და ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. აბსურდია", - ამბობს კობახიძე.
უკრაინულმა მხარემ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანები, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. სიაში 12 ქართველია. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.