ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მტკიცებულებები არ არსებობს.
მისივე აზრით, შემაშფოთებელია, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება.
"სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ არსებობს, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია ФСБ-ს აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება... როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკულ მხარეს მიმართავს, რათა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ "მტკიცებულებები გადმოსცენ".
მოგვიანებით, მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა აღნიშნა, რომ სანქცირებულ ადამიანს შეუძლია, მიმართოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და მოითხოვოს მტკიცებულებები, თუმცა, მისივე თქმით, არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც სახდეპი "მტკიცებულებებს გადასცემს პოტენციურ კორუმპირებულ რეჟიმს".