21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
"მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ამ პერიოდის შემსუბუქება, არის ფაქტი, რომ ის დამატებითი მობილობა, რომელსაც ჩვენ ახლა დავაგენერირებთ როგორც სავაჭრო ცენტრების, ასევე სკოლების, ტრანსპორტის, ღია სივრცეებში კვების ობიექტების გახსნით, არის დასაკომპენსირებელი სხვა ტიპის მობილობის შეზღუდვით", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, უფრო სწორი იქნებოდა ამ კონკრეტული შეზღუდვის კიდევ უფრო გამკაცრება, თუმცა "მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესებს ითვალისწინებენ" და კომენდანტის საათი ისევ 21:00-დან დილის 5:00-მდე იქნება.
კომენდანტის საათთან დაკავშირებით პირველ თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ეს შეზღუდვა "ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება". იმნაძემ აღნიშნა, რომ "არ ჰგონია, კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს".
8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები ღია სივრცეში, ასევე საკლასო ოთახებში აღდგება სწავლა. შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.