კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველი დანიშნა.
როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ კანონდარღვევის აღმოუფხვრელობა გახდა.
კავკასუს ონლაინში სპეციალურ მმართველად ოუფენ ნეტის ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა.
"კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან კავკასუს ონლაინის ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული - იქნება ბათილი.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კავკასუს ონლაინის მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია კავკასუს ონლაინს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სპეციალური მმართველი ვალდებულია ჩაატაროს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მეშვეობით კავკასუს ონლაინის ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (due diligence) და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას, ასევე, ვალდებულია კომისიას მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს.
ცნობისთვის, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს, პარლამენტმა 17 ივლისს დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხის განხილვას მწვავე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. ცვლილებებს არ ეთანხმებოდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.