აშშ-ის კონგრესი კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე დონალდ ტრამპის გადაყენებას კენჭს დღეს უყრის.
1967 წელს მიღებული შესწორების მიხედვით, ვიცე პრეზიდენტისა და კაბინეტის წევრები აკეთებენ განცხადებას, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების შესრულება.
რეზოლუცია, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯეიმი რასკინმა შეიტანა, ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს სწორედ ამისკენ მოუწოდებს. მის ტექსტში ნათქვამია, რომ პენსმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს მისი უფლებამოსილება კონსტიტუციის მე-4 ნაწილის 25-ე შესწორების ფარგლებში და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გამოაცხადონ მობილიზაცია, რათა განაცხადონ, რომ მოქმედ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, ხოლო თავად პენსმა 20 იანვრამდე თავის თავზე აიღოს პრეზიდენტის ფუნქციები.
ტრამპის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 6 იანვარს მისი მომხრეები კონგრესში შეიჭრნენ. სროლის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
25-ე შესრულების ამოქმედების შესახებ რეზოლუციის განხილვა დემოკრატების მხრიდან ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გადაყენების მეორე მცდელობა იქნება. პრეზიდენტის იმპიჩმენტი მათ 2019 წლის დეკემბერში სცადეს. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა, 2020წ ლის თებერვალში სენატმა ტრამპს პოსტი შეუნარჩუნა.