logo
ENG



კონგრესმენი კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

19 მაი 202008:01
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება. ინფორმაცია „ამერიკის ხმის" ქართულენოვანი ბიუროს კითხვის პასუხად, ამერიკელი კონგრესმენის ოფისმა გაავრცელა.

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მილოცვას ჩვენ საელჩოს, შეთანხმების განხორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის", - აცხადებენ კონგრესმენის ოფისში.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციონერი დეპუტატები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და ამავდროულად, აცხადებენ, რომ იმისათვის, რათა 8 მარტის ხელშეკრულება სრულად შესრულდეს და დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, საჭიროა, მესამე პოლიტპატიმარი, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, გიორგი რურუა გამოუშვან ციხიდან.

მაგალითად, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ისინი ახლა სწორედ რურუას გათავისუფლებას ელიან.

გადაწყვეტილება მოუწონა ზურაბიშვილს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამაც: „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას“, - დაწერა ფოტიგამ „ტვიტერის“ გვერდზე. 

კიდევ ერტი ევროპარლამენტარი ანდრეას კუბილიუსი კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სწორი მიმართული გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს გადაწყვეტილება დაუწუნა და კვლავ აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

close დახურვა