logo
ENG



კოორდინირებული, სისტემური დანაშაული - ფორმულამ მშვილდაძეზე თავდასხმის სურათი აღადგინა
05 ივლ 202315:51
2682

ფორმულამ 27 ივნისს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ადგილზე არსებული კამერებით გადაღებული კადრებით თავდასხმის სურათის აღდგენა შეძლო. ჩანაწერები კოორდინირებულ, სისტემურ დანაშაულს ამხელს, რომლის ორგანიზებაშიც სუს-ი იყო ჩართული.

ფორმულამ ამოიცნო თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი - ის სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. 

ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა  ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, ფორმულას ინფორმაციითვე, ლევან ახობაძე გიორგი მუმლაძის ნათლიაა.

მუმლაძის მამა, ზურაბ მუმლაძე კი 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ფორმულას ინფორმაციით, ზურაბ მუმლაძე სუს-ში, სავარაუდოდ, 2020 ან 2021 წელს გადავიდა.

თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც მოპოვებულ კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება, ასევე სუს-ის თანამშრომელია.

გარდა ამისა, ფორმულას წყაროს ცნობით, სამი ავტომანქანა, რომელიც ფორმულას დამფუძნებელზე თავდასხმაში მონაწილეობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.

კადრები და მოვლენათა ქრონოლოგია

ფორმულამ თავდასხმიდან დაახლოებით 1 კვირაში თავდასხმის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპანიის კამერების, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ჩანაწერები მოიპოვა. კადრები მომხდარის გარემოებებზე მიუთითებს და ორგანიზებული დანაშაულის დეტალებს ააშკარავებს.

ფორმულამ კადრები გაშიფრა და ამ ეპიზოდის მთავარი მოქმედი პირები, თავდამსხმელები, დამკვირვებლები და 3 ავტომობილი - 2 BMW-ისა და 1 მერსედესის მარკის ავტომობილები ამოიცნო. ფორმულა ვარაუდობს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში 10-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

ზუსტად 19 საათი და 45 წუთზე მიშა მშვილდაძე ღია ხაზით ესაუბრება ცოლს და ეუბნება, რომ მასთან შეხვედრამდე GPC-ის აფთიაქში შეივლის. ზარის შემდეგ მშვილდაძე მაღაზია კარფურისკენ მიდის. ერთ წუთში მისი მოძრაობის პარალელურად კარფურის წინ მდებარე პარკინგზე, ზუსტად 19 საათსა და 46 წუთზე ორი BMW ტიპის დაბურულმინებიანი ავტომობილი ჩერდება. 

იმ დროს, როცა  მშვილდაძე კარფურისკენ გადაადგილდება, ორი ავტომობილი კი პარკინგზეა მობილიზებული, კადრებში თავდასხმის მონაწილე კიდევ ორი ადამიანი შემოდის, ისინი ფორმულას მოპირდაპირე მხარეს არიან ჩასაფრებულები და მშვილდაძის გადაადგილებას აკონტროლებენ. 

19 საათსა და 46 წუთზე ისინი ვაჟა-ფშაველას კვეთენ და გარბიან იქით, საითაც მიშა მშვილდაძე მოძრაობს. შემდეგ უკვე ნელი სვლით მიჰყვებიან ფორმულას თანადამფუძნებელს, ჩერდებიან მეტრო დელისის ამოსასვლელთან და თავდასხმის ადგილს ყველაზე ბოლოს, თავდასხმიდან ნახევარ საათში ტოვებენ. ერთ-ერთი მათგანი მუდმივად ტელეფონზე საუბრობს - სავარაუდოდ, ის მითითებებს იღებს.

ეს ის ორი ადამიანია, რომელიც მიშა მშვილდაძემაც შენიშნა. ისინი მშვილდაძეზე თავდასხმისას აფთიაქი GPC-სა და მაღაზია კარფურს შორის იქვე ბუჩქებთან გაჩერდნენ და გზის მხარეს იხედებოდნენ. ფორმულას მიერ თავდაპირველად მოპოვებულ კადრებშიც ჩანდა, რომ 19:53 საათზე, თავდასხმიდან დაახლოებით 1 წუთში ამ ორმა ადამიანმა დატოვა თავდასხმის ტერიტორია, გადავიდნენ გზის საპირისპირო მხარეს, სადაც 17 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ და ამჯერადაც ხან ტელეფონზე საუბრობდნენ ხან კი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მალევე ერთ-ერთი გაჩერდა კარფურის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მშვილდაძეზე თავდასხმა მოხდა და სიტუაციას იქიდან აკვირდებოდა. მოგვიანებით ამ ორმა ადამიანმა ადგილი მესამე მანქანით დატოვა.   

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დამატებითი კადრებში ჩანს ეს მესამე ავტომობილიც. მანქანა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდგარ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან რამდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ კი უკუსვლით ავტომობილს აპარკინგებს. შაბათის ფორმულას ცნობით, ორმა კაცმა, რომლებიც მშვილდაძეს ფორმულას შენობიდან აედევნენ და შემდგომ მასზე თავდასხმას უყურებდნენ, ეს  ტერიტორია მანქანით დატოვეს.

      

19 საათსა და 47 წუთზე მიშა მშვილდაძე აფთიაქში შედის, დაახლოებით ორ წუთში ორი ავტომობილი პარკინგის ადგილს ტოვებს და ზაქარიაძის ქუჩისკენ გადაადგილდება. ეს გადაადგილება ჩანს კიდევ ერთი კამერის ჩანაწერებში, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირს მოპირდაპირე რაკურსიდან იღებს.

მალევე, ზაქარიაძის ასახვევიდან ოთხი თავდამსხმელი სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდება, მათ შორისაა დაკავებული გუგეშაშვილი, რომელმაც მშვილდაძეზე თავდასხმა მეორე დღეს, ფეისბუქ პოსტით აღიარა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სწორედ BMW-ის მარკის ავტომობილებიდან ჩამოსვეს. აქედან ორ წუთში მშვილდაძეს თავს ესხმიან.

 

   

  

თავდასხმის შემდეგ კარფურიდან საპირისპირო მიმართულებით მოდის ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ცოტა ხნით აფთიაქთან ახლოს, გზის პირას ჩერდება, რა დროსაც 2 დასახელებული მანქანიდან ერთ-ერთი, შავი ფერის BMW, მასთან მოახლოებისას მოძრაობას ანელებს და გარკვეულ კონტაქტს ამყარებს გუგეშაშვილთან. მალევე მეორე შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც მშვილდაძეზე თავდასხმისას იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შესაძლოა, თავდასხმაშიც მონაწილეობდა, ასევე ამ მიმართულებით მოდის და ორივე მათგანი, ასევე 2 მანქანა თითქმის ერთდროულად, უხვევენ ზაქარიაძის ქუჩისკენ. 

ზაქარიაძის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს, როგორ გადაადგილდება 2 მანქანა, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი ნიკა გუგეშაშვილი და შავებში ჩაცმული ადამიანი ერთი და იგივე მიმართულებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ორიდან ერთი, ვერცხლისფერი მანქანა კადრებში თავდასხმამდეც ჩანს. ის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მაშინ ჩაივლის, როცა მიშა მშვილდაძე აფთიაქში შედის, 3 წუთის შემდეგ კი როცა თავდასხმა უკვე მომხდარია, კვლავ იმავე მიმართულებით ჩამოივლის გზაზე და სხვებთან ერთად ზაქარიაძის ქუჩაზე ჩაუხვევს.

4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრების მიწოდებაზე საქართველოს ბანკმა ოფიციალურად უარი განაცხადა. გუმბარიძემ აღნიშნა, რომ განსხვავებით საქართველოს ბანკისგან, სხვა ბიზნესებმა ფორმულას კადრები უკვე მიაწოდეს.

ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თარგამაძემ კი განაცხადა, რომ თითოეული ვიდეოკადრი, რომელიც მიშა მშვილდაძის თავდასხმის მიმდინარეობას პერიმეტრში ასახავს, შესაძლოა იყოს გადამწყვეტი. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა. 

close დახურვა