ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მორიგი შემთხვევა 44 წლის მაკაკაცს აღმოაჩნდა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ის საქართველოს მოქალაქეა და იტალიიდან 1-ელ მარტს დაბრუნდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, რადგან მას ამ დრომდე სიცხე აღენიშნება.
„44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ეს პიროვნება 1 კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში. საქართველოში დაბრუნდა 1-ელ მარტს, დილით. როგორც თვითონ და სპეციალისტები ამბობდნენ, ჩამოსვლისას მას ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. თუმცა, საღამოს აეწია ტემპერატურა. ამის მიუხედავად ის დარჩა სახლში და მკურნალობდა სიცხის დამცევი პრეპარატებით. შემდგომ მიმართა საავადმყოფოს. ახლა სტაბილურია. სიცხე ჯერ კიდევ აქვს. ვერ ვიტყვით რომ გაუმჯობესება არის, თუმცა არც გაუარესება არ არის. ყელის ტკივილი აქვს. პნევმონია არ აქვს, თუმცა ფილტვებში არის გარკვეული ცვლილებები. მთელი რიგი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა. დღევანდელი მდგომარეობით მას არაფერი ემუქრება, მაგრამ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დღეს დადასტურდა.