logo
ENG



კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება - მსოფლიო სტატისტიკა

02 თებ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

305 გარდაცვლილი და 14 ათასზე მეტი ინფიცირებული - ასეთია ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ არის პოზიტიური ტენდენციაც, ჩინეთის კლინიკებიდან 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. 

ჩინეთიდან დაბრუნებული 25 წლის მასწავლებელი ინფექციურ კლინიკაში აეროპორტიდან მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალმა დუჯინიანის პროვინცია ჯერ კიდევ 20 იანვარს დატოვა და კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდიც გასულია, ის სრულ იზოლაციაში იმყოფება.

ბოქსირებულ განყოფილებებში ამ დროისთვის სამ პაციენტს მკურნალობენ. მათ შორის 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს და უხანიდან დაბრუნებულ ქალს, რომლებიც თბილისში ტრანზიტული რეისებით ჩამოვიდნენ. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ექიმები მათი ბიოლოგიური მასალის პასუხს ნიდელანდებიდან ელოდებიან. 

​კარანტინშია მოთავსებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე - ისინი, ვინც საშიში ვირუსის ეპიდემიის ცენტრიდან თურქეთის სამხედრო ავიაციამ გაიყვანა. უხანიდან ევაკუირებულები 14 დღის განმავლობაში სრულ იზოლაციაში და ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან. სამშობლოში დაბრუნებას ისინი მხოლოდ საინკუბაციო პერიოდის გავლისა და კვლევების დასრულების შემდეგ შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უხანი ამ დრომდე ჩაკეტილია, საშიში ვირუსი უკვე ჩინეთის ყველა რეგიონს მოედო. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გამუდმებით იცვლება. 

ინფიცირებული პაციენტების რიცხვი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ეპიდემიის ფეთქების ზონაში დაჩქარებულ და რეკორდულ ვადებში რამდენიმე საავადმყოფო გახსნა. საშიში ვირუსით დაავადებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 130-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ფილიპინები კი ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსმა პაციენტი იმსხვერპლა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ კი ჩინეთიდან მომავალი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა - საშიში ზონიდან ევაკუაციაზე უარი თქვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. მათ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე კომპეტენტური მედპერსონალი მხოლოდ კარანტინში მოქცეულ ქალაქში ეგულებათ. 

 

 


close დახურვა