logo
ENG



კუბილიუსი: ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ

25 მარ 202122:22
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი, "კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ".

სოფო ზურაბიანის კითხვას - გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".

"სამწუხაროდ, ესენი არიან ფორმალური ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა ფორმულას ეთერში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. როგორც თავად შარლ მიშელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. 

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.


close დახურვა