რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეთანხმდნენ, რომ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდეგ გასცემს.
გასაჯაროვდება თუ არა წერილი, ლავროვის თქმით, ეს აშშ-სთან არის შესათანხმებელი და ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს. თუმცა მას მიაჩნია, რომ პასუხი საჯარო უნდა გახდეს.
ე.ს. უსაფრთხოების გარანტიები, რაზეც რუსეთი საუბრობს, NATO-ს გაფართოების შეჩერებას მოიაზრებს. მათ შორის, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
"ყველაფერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დადის იქამდე, თუ როგორ გრძნობს თავს ზელენსკი და მისი რეჟიმი. არასწორია ეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გავლენის ზონებზე, მაგრამ რასაც ახლა NATO აკეთებს რუსეთთან მიმართებაში, ცალსახად აჩვენებს, რომ NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს", - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინისკენ ნებისმიერი მოძრაობა აღქმული იქნება, როგორც ხელახალი შეჭრა. ბლინკენის თქმით, რუსეთისგან მსგავსს ქმედებას აშშ–ის და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება.
სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ არც ერთ მხარეს არ ჰქონია მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები გარღვევას მოახდენდა, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ მათ პოზიციებს უფრო მეტი სიცხადე მოეფინებოდა.
როგორც ლავროვმა მაშინ აღნიშნა, მოლაპარაკეების დღის წესრიგი მათ სამი ძირითადი საკითხის გარშემო ააგეს: NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს თავდასხმის იარაღების განთავსებაზე უარის თქმა და ალიანსი დაუბრუნდეს 1997 წის კონფიგურაციას, როცა ხელი მოეწერა NATO-რუსეთის შეთანხმებას.
აშშ-ს და NATO-ს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება NATO-ს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას, გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს მესამე ქვეყნების გადასაწყვეტი არაა.
NATO-ს გაფართოების შეჩერებაზე რუსეთმა პირობების წაყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე სამხედრო განათავსა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინა და NATO არ წარმოადგენენ რუსეთისთვის საფრთხეს, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ტერიტორიები.