პარტია ლელო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვოს.
ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა.
პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
"საპატიმროში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.
მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო", - ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.
ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.