ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა.
ლიეტუვა მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.
"იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.