logo
ENG



ლომჯარია: ლაზარემ რომ ე.წ. მოლოტოვი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს

02 აპრ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/0zjbl6yhkh8w9nx.jpg

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს, რომ პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევით ამ განზრახვის რეალიზება უნდათ. ლომჯარიას თქმით, საჯარო მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ აქტივისტმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა.

"პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ", - წერს ლომჯარია.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა