logo
ENG



ლომჯარია ოცნებას: კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

25 ოქტ 202122:40
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია ოცნებას: კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოცნების წევრებს პასუხობს და განმარტავს, რატომ ჩათვალა ომბუდსმენმა, რომ N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. 

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები: 

  • სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
  • ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

  • დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
  • ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
  • დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი", - წერს ლომჯარია facebook-ზე.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრები. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ომბუდსმენი მიკერძოებულია და მისი დასკვნა "მთავარი არ არის".

"სახალხო დამცველი რას ამბობს, არ არის მთავარი, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მიკერძოება", - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს მან სახალხო დამცველს ასე უპასუხა:

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი" - თქვა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გარდა ამისა,  ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა