logo
ENG



ლომჯარია რუსულ კანონზე: უნდა ვიყოთ ერთიანები, არ დავუშვათ, საქართველო რუსეთს დაემსგავსოს

27 თებ 202311:06
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, დღეს, როცა მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს, ყველა ერთიანი უნდა იყოს, რათა საქართველო რუსეთს არ დაემსგავსოს და არ გახდეს რუსეთის მსგავსი მმართველობის ქვეყანა.

"ამ ტიპის კანონი არის ცნობილი როგორც პუტინის, ანუ რუსეთის კანონი, რომელიც კლავს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ აზრს, სამოქალაქო აქტივიზმს და რითაც პუტინმა მოკლა და გაანადგურა კრიტიკული და დამოუკიდებელი აზრი რუსეთში.

კობახიძე არც კი მალავს და იგივე ტერმინებით, ფრაზეოლოგიით საუბრობს ამ კანონის შესახებ, როგორც საუბრობდა პუტინი თავის დროზე, იყენებს იდენტურ ტერმინებს მის გასამართლებლად.

ამიტომ რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის რუსული კანონი და ჩვენ დღეს ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაემსგავსოს რუსეთს და გახდეს რუსეთის მსგავსი მმართველობის ქვეყანა", - განაცხადა ლომჯარიამ.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, მას აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.


close დახურვა