სახელმწიფო სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.
ასევე, კანონის თანახმად, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით. შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში მასობრივი გამოსვლა ჩაითვლება არასანქცირებულად.
როგორც ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილ კანონშია ნათქვამი, ეს აკრძალვა "უკანონო შეკრებების პოპულარიზაციას და პროპაგანდას" გამორიცხავს. ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტებს საქნციები დაეკისრებათ.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით ფართოვდება იმ ინფორმაციების ჩამონათვალი, რომელთა გავრცელებაც აიკრძალება. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით შევა, ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო ქსელების დაბლოკვას, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ხსენებული ცვლილებები კანონში გამოქვეყნებიდან 1 თვეში შევა ძალაში.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.
კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით შეაცვლევინეს.
თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი.
"მივესალმებით Ryanair-ის უსაფრთხო დაშვებას საბოლოო დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში და მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება. მათი იძულებითი შეყოვნება სრულიად მიუღებელია". - დაწერა საქართველოს საგარეო უწყებამ.