logo
ENG



მანჯგალაძე: ამნისტიის ნაწილს აქვს პროტოკოლები, რომლითაც დაზუსტდა, ვისზე გავრცელდებოდა

26 აპრ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაში ამნისტიის ნაწილს პროტოკოლები აქვს, რომლითაც დაზუსტებულია, კონკრეტულად ვის შეეხება აქტი.

როგორც მანჯგალაძემ გადაცემა კომენტარში აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესში მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეთანხმდა, რომ ამნისტია სამ პოლიციელს შეეხებოდა და არა მაღალი თანამდებობის პირებს.

მისივე თქმით, თანამდებობის პირებზე ამნისტია იმ მიზეზითაც ვერ გავრცელდება, რომ ამ კუთხით დღემდე შესაბამისი გამოძიება არ ჩატარებულა.

"სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ჩვენ არ გვინახავს, არ ჩატარებულა ობიექტური და შესაბამისი გამოძიება. შესაბამისად, თუ ისინი იტყვიან, რომ 20 ივნისის დარღვევების დროს ქართული ოცნების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და ამის ამნისტია გვინდა, ეს აბსოლუტურად ცვლის რეალობას, ჯერ უნდა აღიარონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს და ამის შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. ეს საკითხია ახლა დარჩენილი, ამ ადამიანებზე გავრცელდება თუ არა და ეს უნდა დაზუსტდეს.

მოლაპარაკების ამ ნაწილს აქვს კიდევ პროტოკოლები, რაზეც შეთანხმდნენ ადამიანები. ამ პროტოკოლის მიხედვით, ზუსტად იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამას, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან დაზუსტდა, ვისზე ვრცელდებოდა, რა მუხლზე იყო საუბარი. არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ საუბარი იყო სამ პოლიციელზე და მაღალი თანამდებობის პირებზე ეს არ უნდა გავრცელებულიყო. ამაზე თუ დაიწყებს ოცნება საუბარს, ეს იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური მარცხი ოცნებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ დავეთანხმებით, მაგრამ ამაზე საუბრის დაწყება და აღიარებაც კი სერიოზული პოლიტიკური ზიანის შემცველია როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

 

close დახურვა