logo
ENG



მდინარაძე: ოცნების ხელისუფლების პირობებში TV პირველს ან სხვა მედიებს პრობლემა არ შეექმნება

11 მარ 202120:59
3 წუთის საკითხავი
clock 1269
მდინარაძე: ოცნების ხელისუფლების პირობებში TV პირველს ან სხვა მედიებს პრობლემა არ შეექმნება
ფოტო: ვახო ქარელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში TV პირველს ან სხვა რომელიმე მედიასაშუალებას "არანაირი პრობლემა არ შეექმნება".

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ პროკურატურამ სასამართლოსგან სადმე შეჭრა მოითხოვა, "მოგონილი ამბავია".

"მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, მთელი ჩემი გუნდის სახელით და გარანტირებულად, რომ საქართველოში არც ტვ პირველს და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ არავინ აპირებს... მოცემულობაც კი არასწორია, რომ მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შესვლა, შეჭრა და ასე შემდეგ. ეს არის მოგონილი ამბავი. პროკურატურის განცხადების მიუხედავად, თქვენი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და ეს არის არასწორი", - განაცხადა მდინარაძემ.

მანვე ჟურნალისტებს მოუწოდა, "პრობლემებს ნუ მოიგონებენ და პანიკას ნუ შექმნიან".

"ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ხშირად მიწევს მსგავსი საკითხების დასმა მედიის წინაშე, რომ ნუ მოვიგონებთ პრობლემებს, მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

 

close დახურვა