logo
ENG



მდინარაძე: ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად

27 სექ 202323:33
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სანქციათა რეჟიმის წესის შეცვლის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს, თუ მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეს დაასანქცირებენ.

ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და კვლავ გაიმეორა, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, აშშ-მა "მტკიცებულებები" უნდა წარადგინოს.

"ამ თემას გაატარებ, ხვალ დაასანქცირებენ ვიღაცას, კვლავ გაატარებ, ზეგ ვიღაცას და მერე თუ გაჭრის ეს სანქცირება... გამორიცხული არაფერია [სხვისი დასანქცირება]. ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, ისე რომ, არც უთქვამთ და გამორიცხვით, როგორ უნდა გამორიცხო. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიონი დოლარი გაუჩერეს, აი, ასე, უბრალოდ.

[...] ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ამ ყველაფერს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი", - განაცხადა მან.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მრჩეველიც. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.

ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.


close დახურვა