ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებულ საველე სამუშაოებს არ ენდობა.
მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე "არგუმენტები" დაასახელა, სადაც მისივე მტკიცებით, "ალოგიკური" რიცხვებია მოყვანილი.
მდინარაძის თქმით, კვლევებთან დაკავშირებით NDI-ის ადგილობრივ წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და დისკუსია ჰქონდათ.
"თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ, ვინც პასუხი გასცა კითხვაზე, რომელია მისი ფავორიტი პარტია, აქ პროპორციის მიხედვით, გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც იმედმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, GORBI-ს კვლევას ვგულისხმობ.
ანუ, თუკი 19% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55%-მდე, ვინც დააფიქსირა პოზიცია, ამბობს, რომ ქართული ოცნება, დანარჩენი ამბობს დანარჩენ ოპოზიციას. თუ 65% ამბობს, რომ ან არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს ან მკვლევარს არ უმხელს, ვის უჭერს მხარს ანუ 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, შეიძლება თუ არა ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ? გარდა ამისა, სულ რომ იმ პროპორციას დავეყრდნოთ, რომელიც GORBI-ს კვლევას დაემთხვა, უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორციაა დარღვეული. თუ 12% აქვს დანარჩენ ოპოზიციას ენმ-ის გარდა და ენმ-ს 4%, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 35%-მდე აქვს ენმ-ის გარდა ოპოზიციას მხარდაჭერა. თუ შეგიძლიათ ვინმეს, დამისახელოთ პარტიები, რომლებიც აიღებენ 35%-ს.
იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკო იმის მიუხედავადაც, რომ გარკვეული პროპორცია გარკვეულ რეალობას ემთხვევა"- თქვა მდინარაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 47% პასუხობს, რომ არც ერთი, 19% ამბობს, რომ ქართული ოცნება, 13% კითხვაზე არ პასუხობს, 6% ამბობს, რომ არ იცის, 4% ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას, 12% კი სხვა პარტიებს.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.