გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისკომუნიკაცია იყო, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ეს გირჩის საჯარო პოზიციებს არ ეხებოდა.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მისკომუნიკაცია პარტიის შიდა მენეჯმენტის საკითხებს ეხებოდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ პარტიის ლიდერი (ზურაბ ჯაფარიძე) საჯარო განცხადებების გაკეთებამდე მასთან შეთანხმებას ითხოვდა.
"ზურამ მოგვთხოვა მასთან ჩვენი მოსაზრებების შეთანხმება, საჯაროდ გამოსვლის წინ. რაღაცნაირი ცენზურა გამოდიოდა. ზურამ როგორც თქვა თავის მოწერილში, ეს კონტროვერსიულ თემებს შეეხებოდა. ეს იყო იმ მომენტში, იაგოს მიერ გაკეთებული განცხადება, ერთერთი ადამიანის დაკავების შესახებ. გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება მიზეზი ყოფილიყო, შეიძლება საბაბი ყოფილიყო, მაგრამ არა მიზეზი. ჩვენი მცდელობა იყო ზურას დავლაპარაკებოდით, რას გულისხმობდა ამაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზურა ჯაფარიძე ამას სერიოზულად ითხოვდა. მისკომუნიკაცია გვქონდა თვეების ან შეიძლება წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არ შეეხებოდა გირჩის საჯარო პოზიციას. დაპირისპირებას ვერ დაარქმევდი ამას. შეიძლება ითქვას, რომ პარტიის შიდა მენეჯმენტის საკითხებს ეხებოდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხს, მეგრელიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრის შეთანხმების მიხედვით მიიღებენ.
"ჩვენ შევდივართ პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეთანხმდება ამაზე, მოლაპარაკებების შედეგად. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. სტატუსის მერე ზურასთან არ დამირეკავს, რადგან გუშინ ორჯერ მითხრა უარი საუბარზე. ზურა ჯაფარიძესთან მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია მექნება ამიერიდან", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
ჯაფარიძემ პარტიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, "გირჩის ბაბლში" დაწერა:
"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ხვიჩიას Facebook პოსტს გულისხმობს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.
"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია.
ხვიჩიას პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
იაგო ხვიჩიას განცხადების შემდეგ ჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხზე პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებდა.
სხვა ადამიანების მსგავსად, გუშინ თავად ხვიჩიამაც დაწერა, რომ ჯაფარიძეს ამდენად რეზონანსულ საკითხზე პოზიცია აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა.
ხვიჩიამ თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც, მისი თქმით, მას ლანძღავდა, ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც იყვნენ.
გუშინ, 3 დეკემბერს Zoomer-ში ამომრჩევლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, ჯაფარიძეს ხვიჩიას განცხადების შესახებ კითხვა დაუსვეს, თუ როდის შეიცვლებოდა სიტუაცია პარტიაში და როდის ექნებოდათ პარტიის სხვა ლიდერებს იაგოს "მსგავს" განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია.
კითხვის საპასუხოდ ჯაფარიძემ თქვა, რომ იაგოს პოზიციას არ იზიარებდა, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მას ასევე თქვა, რომ პარტიაში რაღაცები შეიცვლებოდა.
"კი რაღაცებს შევცვლით. მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - თქვა გუშინ ჯაფარიძემ.
