logo
ENG



მეორე დღეა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 30-ზე მეტით მატულობს

16 აპრ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები უკვე მეორე დღეა ქვეყანაში 24 საათში 30-ზე მეტით მატულობს. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით 340 პირია ინფიცირებული, ჩაკეტილი მუნიციპალიტეტებისა და საგანგებო მდგომარეობის ფონზეც კი მნიშვნელოვნად ფართოვდება პანდემიის გავრცელების გეოგრაფია. 

კოვიდ 19-ით  ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა სამცხე ჯავახეთში, ბორჯომში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა რომელიც სავარაუდოდ, მანამდე თბილისში იმყოფებოდა. კარანტინის ზონაში ბოლნისში კი კორონავირუსი სამედიცინო სფეროს სამ წარმომადგენელს დაუდასტურეს. ბოლნისის რეგიონში უკვე 50 შემთხვევაა გამოვლენილი.

3 ადამიანი გამოჯანმრთელდა დღეს ინფექციისგან, 2 დაავადებულის მდგომარეობა კი მძიმე რჩება  ინფექციურ საავადმყოფოში. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე  7 პაციენტს აქვს მძიმე  პნევმონია, 9 თვის ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილურია. 

9 მძიმე ავადმყოფი, მათ შორის  3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი წევს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამ საავადმყოფოში პაციენტების რიცხვმა უკვე 82-ს მიაღწია. არასრულწლოვანების ყველაზე მეტი რაოდენობა კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია, რომელსაც დღეს კიდევ ერთი პაციენტი დაემატა.

4 პაციენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც კოვიდ ვირუსის დიაგნოზით 24 ადამიანი მკურნალობს.

 

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

 

 


close დახურვა