logo
ENG



მერიას აქტივისტები ხეების მიზანმიმართულად დაზიანებაში ადანაშაულებენ

25 ივნ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

მედიასთან ბრძოლის პარალელურად, მერმა დღეს ვერ მოიცალა, მისულიყო იქ, სადაც გუშინ ხის წაქცევამ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე მიაყენა. მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი თამარაშვილის ქუჩაზე, 60 წლიანი ხის ჩამოვარდნის გამო, ამის მიზეზი კი, ჭავჭავაძის გამზირის დაუსრულებელი რეაბილიტაცია გახდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეებს ფესვები აქვს გადაჭრილი და ინციდენტი შეიძლება, კიდევ განმეორდეს, რადგან მერია რეაბილიტაციის პროცესს დარღვევებით წარმართავს. 

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ დიდი ჭადრის ხე შესაძლოა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანებულიყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაზე ხეებს ფესვები აქვს დაზიანებული და ერთი ჭადარი გუშინ სწორედ ამის გამო წაიქცა. ასეთ მდგომარეობაშია სხვა ხეებიც თამარაშვილზეც და ჭავჭავაძის გამზირზეც. 

კომპანია რომელიც თამარაშვილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, ამტკიცებს, რომ ხე დაცული იყო, თუმცა ერთადერთ დაცვის მექანიზმად ჟურნალისტებს ხეზე შემოხვეული ლენტი აჩვენა.  

ადგილი სადაც წაქცეულმა ხემ სამი მოქალაქე და ორი ავტომობილი დააზიანა, მერიის თანამშრომლებმა დღეს დაათვალიერეს. მერის მოადგილემ და ბოტანიკური ბაღის დენდროლოგმა დაადასტურეს, რომ ხე წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებმა დააზიანა. დაზიანებული ფესვების გარდა ხის წაქცევის მიზეზად ძლიერი ქარიც დაასახელეს. 

წაქცეული ჭადრისგან დაშავებული სამი მოქალაქე საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა რთული არ იყო. შემთხვევიდან მალევე ადგილზე სამოქალაქეო აქტივისტი ნატა ფერაძე მივიდა და თბილისის მერი ჭავჭავაძის გამზირის არასწორი რეაბილიტაციის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, აქტივისტებმა მერია რამდენჯერმე გააფრთხილეს ხეებთან არასწორი მუშაობის გამო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. 

ხეების მიზანმიმართულად დაზიანებაში ადანაშაულებენ მერიას სხვა აქტივისტები. ანას ბაღის დამცველი გიორგი ფხალაძე ამბობს, რომ მერიას ძველების ძვირადღირებული ხეებით ჩანაცვლება სურთ. მსგავსი ტენდენციას კი ცენტრალურ ქუჩებს გარდა, თბილისის სხვა რაიონებშიც ხედავენ.

მერიის მიზანმიმართულ ქმედებებს ხედავენ ოპოზიციაშიც. ისინი სხვა მსგავს შემთხვევებსაც იხსენებენ და მერიას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის კიდევ ერთი ვერსია მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტურობაა, რაც მათი შეფასებით ასევე ძალიან აზიანებს დედაქალაქს. 

მერიაში ამტკიცებენ, რომ მოკვლევის პროცესი ხის წაქცევის გამო მიმდინარეობს, თუმცა ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს , ამის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. 

 


close დახურვა