logo
ENG



მთავრობა ეპიდსიტუაციას აკვირდება - ოპოზიციის თქმით, შესაძლოა, ცა ოქტომბრამდე არ გაიხსნას

02 ივლ 202019:58
3 წუთის საკითხავი
 

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით ცა, შესაძლოა, არც აგვისტოში გაიხსნას. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ 2 თვე მთავრობა ქვეყანაში ეპიდსიტუაციას დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. მაჭავარიანი შეეცადა აეხსნა, რატომ არ აღადგენს  ხელისუფლება ავიამიმოსვლას. მთავრობის დაანგარიშებით, ამ პერიოდში შემოსული 50 ათასი ტურისტი ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

რეგულარული ფრენების აღდგენამდე კი, მთავრობა ჩარტერული რეისების დანიშვნას გეგმავს. გრაფიკი ორშაბათს გამოქვეყნდება. დღეიდან კი, ევროპის 10-მდე ქვეყანამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა, თუმცა, უცნობია როდის დაუშვებს საქართველო ამ ქვეყნების თვითმფრინავებს ქვეყანაში. 

ოპოზიციის ინფორმაციით, მთავრობა ცის გახსნას ოქტომბრამდე არ აპირებს. მათი განცხადებით,  სრული იზოლაციით ხელისუფლება უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს და ტურიზმის სექტორს სიღარიბისთვის წირავს. ხელისუფლების ოპონენტები ვიზეარის ბაზის დროებით შეჩერებას  ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.  

სპეციალისტებიც კი მთავრობას შეახსენებენ, რომ პოზიტიური სტატისტიკის შენარჩუნება კორონავირუსის მართვას არ ნიშნავს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობისთვის ახლა პანდემიის სტატისტიკა არჩევნებისთვის სჭირდება, პოლიტიკურ მიზნებს კი მილიარდობით ლარი, გაჩერებული ეკონომიკა და ტურიზმი ეწირება, რომლისთვისაც ყოველი გადადებული დღე მილიონობით ლარის ზარალს ნიშნავს.  

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

 

 


 


 

 


close დახურვა