საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით ახანგრძლივებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე, ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს. ვირუსის მასობრივი გავრცელების და სისწრაფის შეფერხება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის და ამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საკანონმდებლო ორგანოში საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 408 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 816 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. კორონავირუსისგან სრულად განიკურნა 95 პაციენტი, 4 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათშორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.