logo
ENG



მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის საქმეშია, თბილისი-ჭიათურის ვერ იქნებოდა - ოკრიბა

08 ივლ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

დამატებითი გარემოებები გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში - ავტომანქანაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობდა, რომ მისი ინფორმაციით, ეს თბილისი-ჭიათურის მიკროავტობუსია.

„ფორმულამ“ ინფორმაცია დიდუბის ავტოსადგურში გადაამოწმა. ირკვევა, რომ ხსენებული მანქანა, სამგზავრო ვერ იქნებოდა, რადგან მიკროავტობუსებს, რომელსაც უკან ფანჯრები არ აქვს, მგზავრთა გადასაყვანად არ იყენებენ. გარდა ამისა, სადისპეტჩეროში ამბობენ, რომ განრიგით, 8 საათის შემდეგ რეისები არ სრულდება და შესაბამისად, მცხეთაში, ფერად შენობასთან მათი მიკროავტობუსი ვერ იქნებოდა.

„არანაირი რეისი ამ დროს არ შესრულებულა. ბოლო რეისი ქუთაისის მიმართულებით გადის 8 საათზე“, - განაცხადეს სადისპეტჩეროში.

დღემდე გასაჯაროებული მასალების მიხედვით, ცნობილია, რომ ეს ავტომანქანა საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს. გუშინ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ თქვა, რომ ავტომანქანა საქმეში ფიგურირებს და მისი ინფორმაციით, ეს ჭიათურა-თბილისის მიკროავტობუსია. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. ამირხანაშვილი თავის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს პირზე, რომელიც მედიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს. „მთავარის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის  მგზავრი სავარაუდოდ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა