logo
ENG



მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

14 დეკ 202214:59
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

"ის რაც დღეს მოხდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არა თუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა", - თქვა ადვოკატმა.

შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა: 

"დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა და თქვა, რომ უწყება ამ "შესაძლებლობას" მოკლებული იყო.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში სააკაშვილის დისტანციურად ჩასართავად ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე ჩასართავად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა