ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებული 4 პირი პატიმრობაში დარჩა. კერძოდ, საქმე ეხება ტვ პირველის ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე მთავარი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწეყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ გუშინ, 8 ივლისს რუსთავი 2-ის, მთავარი არხის, ნიუპოსტისა და ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს - ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მათთვის გირაოს ითხოვდა.
ღირსების მარშის ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე ძალადობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით, ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.
ამის მიუხედავად, მომხდარიდან 4 დღის შემდეგ შსს-ს, ამ დრომდე, მხოლოდ 15 ადამიანი ჰყავს დაკავებული.
პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ, თითქოს, 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები.