logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 35 ათასს აჭარბებს

30 მარ 202020:48
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსის კრიზისმა მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დააყენა. უმეტეს ქვეყნებს პანდემიის პიკი ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, დაღუპულთა და ინფიცირებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. გარდაცვლილთა გლობალური მაჩვენებელი 35 ათასს აჭარბებს. რეგულაციებს ამკაცრებს რუსეთიც. ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში მხოლოდ 11 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.  სახლში დარჩენის მოთხოვნა ამ დროისთვის ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც კრემლმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოიღო. მოსკოვის რეგიონში დღეიდან საყოველთაო თვით-იზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. დედაქალაქის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში აქვთ.

მკაცრი მითითებების ვადა 30 აპრილამდე გაახანგრძლივეს შეერთებულ შტატებში. იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი სიკვდილიანობის პიკს ქვეყანაში ორ კვირაში ვარაუდობს, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში კრიტიკული სამედიცინო მარაგის ამოწურვის ეშინიათ. ნიუ იორკში 68 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ცენტრალურ პარკშიც კი მოაწყვეს, ავტოგიგანტი ჯენერალ მოტორსი კი სასუნთქი აპარატების წარმოებას იწყებს. ინდიანას ქარხანაში კომპანია ყოველ თვე 10 ათასს აპარატს დაამზადებს.

კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნას მადრიდში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. გლოვის ნიშნად სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშებიც დაუშვეს. მსხვერპლის მაჩვენებელი ქვეყანაში 7 ათას 300-ს აჭარბებს, ინფიცირებულთა რაოდენობით კი ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო და მსოფლიო რუკაზე მესამე ადგილზე გადავიდა. ვირუსი დაუდასტურდა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელსაც.

კარანტინიდან გააგრძელებს მუშაობას ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერი უახლოეს მრჩევლებთან ერთად იზოლაციაში ეპიდემიოლოგიური გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან.

 


close დახურვა