ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აქციებს აანონსებს - მისი თქმით, მათი მიზანია, რომ ეს პარტია მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს.
"ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.
საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს ის.
მუმლაძის განცხადებით, "რუსეთის ბოროტების იმპერია დღესაც თავზე გვაზის" და იმისთვის, რომ ის დაამარცხონ, აუცილებელია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები, მათ შორის ნიკა მელიას შეცვლა.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა თავიდან ბოლომდე უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა", - თქვა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.