საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რა ზიანს მოგვაყენებს ქართული ოცნების მიერ მომზადებული რუსული კანონი.
როგორც ნამჩავაძე წერს, კანონის მიღების შემდეგ საქართველოში გაქრება არამთავრებო სექტორი, კრიტიკული მედია, უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე პირები, ვეღარ მიიღებენ უფასო ჰუმანიტარულ, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
გარდა ამისა, ნამჩავაძის თქმით, საქართველო დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიულ შანსსაც კი.
"რა ზიანს მოგვაყენებს ქართული ოცნების მომზადებული დასავლეთის აგენტების შესახებ კანონი:
მტრად აცხადებენ ამერიკას და ევროკავშირის ქვეყნებს - ქვეყნებს, რომელთა მხარდაჭერით ვინარჩუნებთ ჩვენი ტერიტორიის 80%-ს და იმედი გვაქვს ოკუპირებული 20%-ის დაბრუნების; ქვეყნებს, რომელთა ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებებით დავძლიეთ 90-იანი წლების საშინელი ეკონომიკური კრიზისი და დღემდე მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ;
- უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების და დაჩაგრულები, ვეღარ მიიღებთ უფასო ჰუმანიტარულ, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას
- უკანონოდ დაჭერილები, სამსახურიდან გაშვებულები, დაჯარიმებულები, ბიზნეს და ქონება წართმეულები, ღირსება შელახულები, ვეღარ მიიღებთ უფასო, კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას
- მეტიც, ვერც კი გაიგებს საზოგადოება თქვენი იმ პირადი პრობლემების შესახებ, სადაც სისტემა გჩაგრავთ, მარტო დარჩებით მონსტრ მჩაგვრელ სახელმწიფოს წინაშე
- ვეღარ გაიგებთ, რა და რამდენი სახელმწიფო ქონება მიითვისეს ჩინოვნიკებმა, რამდენი ფული მოიპარეს ბიუჯეტიდან, რამდენი გაფლანგეს
- ვეღარ გაიგებთ, როგორ დანიშნეს ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები თანამდებობაზე.
- როგორ უხდიან მათ არაფრის კეთებაში თქვენზე გამორთმეულ ფულს აი პური, რომ 1.5 ლარად იყიდე და იქიდან 50 თეთრი მთავრობამ წაიღო, გადასახადიაო, მაგ ფულით აგულავებენ საძმაკაცო-სანათესაოს
- გადაუჭრელი დარჩება რეგიონებში არსებული უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა, გზები, სკოლები, ბაღები, წყალი და ა.შ.
- ვერ მიიღებს განათლებას და ვერ გადამზადდება უამრავი ადამიანი, რომელსაც სამსახურის ან ბიზნესის დასაწყებად დახმარება ჭირდება, ან საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა უნდა
- პარტიები (ოცნების გარდა) ვერ გააგებინებენ თავის ამომრჩეველს, რისი გაკეთება სურთ, გაუჭირდებათ თანამოაზრეების პოვნა და მათთან მუშაობა
და ბოლოს, ამ კანონით ვკარგავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიულ შანსსაც კი.
თუნდაც, მხოლოდ ამის გამო არის რუსული ვკარგავთ შანსს საქართველო გახდეს მდიდარი, გაერთიანებული, ღირსებადაფასებული ადამიანების ქვეყანა საიდანაც კი არ გაიქცევა ხალხი, პირიქით ემიგრანტები დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში.
რაც ყველაზე მეტად აკლიათ და სჭირდებათ ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატის წერილობითი გაფორმება, ხელის მოწერა ამ კანონის მიღება არის ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და უამრავ ახლო ადამიანზე ღალატი"- წერს ნამჩავაძე.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.