ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყანამ საკუთარი ლიდერები თავად უნდა აირჩიოს.
ასამბლეა უარყოფს გავრცელებულ აზრს, თითქოს ნატო ბელარუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ბელარუსის სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ევროპულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიტიკური ლიდერები თავად უნდა აირჩიოს. ქვეყანას ეს თავისუფლად და ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოს. მოვუწოდებთ მინსკს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება“, - აცხადებს ასამბლეის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს.
16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავის მხრივ, ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირის ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.