ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო.
ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება - ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.
პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.