გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი მირიან ნიკოლაძე განმარტავს, თუ რატომ არ იკვეთება მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრების ბრალეულობა შაქარაშვილის მკვლელობაში.
როგორც ნიკოლაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის დროს ადგილზე, მხოლოდ ტოიოტას მარკის ავტომობილი იმყოფებოდა.
"მერსედესის გადაადგილება, კონკრეტულად მასში მსხდომი პირების, ანძებით, ვიდეოკამერების ურთიერთშეჯერებით, დადასტურებულია, რომ იმ მომენტში, როცა ტოიოტა არის არაგვის ხიდთან, მერსედესი იქ არ იმყოფება. ეს არის დადასტურებული ფაქტი. როგორც არ უნდა მოგვინდეს ხელის შეშლა ძირითადი ვერსიისთვის, ეს ვერაფრით ვერ გამოვა. ეს მასალები დევს გამოძიებაში და იქ უტყუარად არის დადასტურებული", - აცხადებს ნიკოლაძე.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. 5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.
პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.