logo
ENG



ნიკოლაძე - დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა

09 ივლ 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, გვექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია გამოძიებასთან ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე წარმოიშვა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ნათესავმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი უსაფუძვლო ვერსია ვრცელდება.

„ჩვენ ველოდებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია გამოძიების წინაშე ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოშობილია დღემდე და რომლის გარკვეული ნაწილი გავლილი გვაქვს გამოძიებასთან ერთად. იმდენი რამ რაც მე ვიცი, თქვენ რომ იცოდეთ, საერთოდ თავს შეიკავებდნენ ბევრი ვერსიის გაჟღერებისგან და გაიზიარებდნენ იმ ვერსიებს რაც არის რეალური. ასე რომ დაველოდოთ დასკვნას და მერე გავაკეთოთ კომენტარი“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

მან ასევე ყველას მოუწოდა, გარდაცვლილის ოჯახს თავი დაანებონ და აღნიშნა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, საზოგადოებას დახმარებისთვის თავად მიმართავენ.

„ოჯახის პოზიცია არის ცალსახა, დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა და მიხედონ თავის საქმეს. ოჯახმა კარგად იცის რას აკეთებს, აქვს სწორი და თანმიმდევრული პოზიცია. ოჯახი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ რაღაც ეტაპზე წარმოიშვა პრობლემები, თვითონ მიმართავს საზოგადოების დახმარებისთვის. ეს უსაგნო და უშინაარსო გასართობი შოუები ძალიან სამარცხვინოა და ჩვენ პირადად არ გვაინტერესებს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა