კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ადასტურებს. ანთიძის თქმით, საფლავის შესწავლა მაშინვე დაიწყეს.
"მოხდა მისი პატივით, როგორც არის ეკლესიურად გაკეთება და მოხდა შესწავლა ამ სამარხის. ახალი სამარხით მოხდა იმავე ადგილზე დაკრძალვა... ამ სამუშაოების დროს რაღაც მომენტში ჩაინგრა თაღი და სწრაფი რეაგირება მოხდა ძალიან", - აღნიშნა მან სტუდია მონიტორთან.
რაც შეეხება, კითხვას ნეშტის გაბნევას, ანთიძე პასუხობს.
"რომ ჩაინგრა იქ რაღაც შეიძლება... აგურების იყო და ამიტომ სპეციალისტებს მოუხდათ აგურებსა და მიწას შორის გამორჩევა".
საფლავის დაზიანების ფაქტს ფორმულასთან ადასტურებს მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი, თუმცა მან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებით ირკვევა, რომ, შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული.
სუს-ის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარდა სადრენაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, მისი ცხედრის ნაწილები კი გაიბნა.
აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას", - ვკითხულობთ ჩანაწერებში.