logo
ENG



ოზურგეთში ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება

18 იან 202312:02
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის ენმ-ს წევრის დავით მჟავანაძის თქმით, ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომლის სათავეშიც შალვა თავდიშვილი იქნება. 

"მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არ იყო ახლა ამის [თავმჯდომარეობის არჩევნების] დრო, რადგან ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, გადასარჩენია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ის დასახსნელია პუტინის ტყვეობიდან და ვფიქრობ, რომ ახლა იყო დრო ერთობის და ერთიანობის დემონსტრაციის, მიუხედავად ამისა, ჩვენც არ ვიქნებით პროცესებს მიღმა და ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას მიუხედავად დანარჩენი კანდიდატების პატივისცემისა. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიამ ჯერ კიდევ სანამ თავმჯდომარე გახდებოდა მან თავისი ბრძოლითა და შეუპოვრობით გვაჩვენა მაგალითი, ის მთელი შესაძლებლობებით იბრძოდა იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაემარცხებინა, უფრო მეტიც, ის შეგნებულად, გააზრებულად წავიდა და დაჯდა ივანიშვილისა და პუტინის საპყრობილეში, იმისათვის, რომ პროდასავლური პარტიებისთვის მიეცა შანსი მოეპოვებინა თავისუფლება. ასევე მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას თავისი რესურსი არ ამოუწურავს და იქნება ამ ბრძოლის სათავეში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის და საქართველოს გადარჩენით უნდა დასრულდეს."- განაცხადა მჟავანაძემ.

ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა ბათუმში და ქუთაისშიც

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია და 26 იანვრამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და 30 იანვარს დასრულდება.

პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე. 

* * *

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა