logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთი ღირსეული პარტნიორი 2020-ის ჩატარებას პროვოკაციას უწოდებს

07 სექ 202023:13
3 წუთის საკითხავი
 
9xsmgfls8n2kfkd.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020-ის ჩატარების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. 

შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადების თანახმად, აფხაზური მხარე ღირსეული პარტნიორი 2020-ის ჩატარებას პროვოკაციად აფასებს და რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრობს. 

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები ასეთი ტიპის ერთობლივი სწავლებების ჩატარების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდისა და საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი უნარების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსმა რეგულარულმა სამხედრო სწავლებებმა საქართველოს ტერიტორიაზე, რეგიონის სიმშვიდესა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებებზე საპასუხოდ, აფხაზური მხარე რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას გააძლიერებს, რათა აფხაზეთში უსაფრთხოება უზრუნველყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, ამერიკის და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების ქმედებებს პროვოკაციად აფასებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 დღეიდან, 7 სექტემბრიდან დაიწყო. 2020 წელს სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.


close დახურვა