logo
ENG



ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

11 ივლ 202116:41
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. 

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფების და მათი ორგანიზატორების გარდა, სახელმწიფოსაც ეკისრება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის წინა დღეებში ძალადობრივ განცხადებებს ისმენდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია. 

"მოვუწოდებ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები.

ადგილზე ვნახეთ მოწოდებები და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა - ლექსო გარდაიცვალა სწორად ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად. სახელმწიფო მთელი ეს დღეები ისმენდა ამ ძალადობრივ მოწოდებებს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად ამისა არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები. ეს თავდასხმა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად", - ამბობს ომბუდსმენი. 

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

პრერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. 

***

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა