logo
ENG



ომბუდსმენი ბორჯომის თავდასხმებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს და მომხდარს გმობს

17 ივნ 202315:35
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი ბორჯომის თავდასხმებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს და მომხდარს გმობს

საქართველოს სახალხო დამცველი გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე და პარტიის ბანაკზე თავდასხმას ეხმაურება. ომბუდსმენი მომხდარს გმობს და აცხადებს, რომ მისი მანდატის ფარგლებში თავდასხმებს შეისწავლიან.

"საქართველოს სახალხო კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვანების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.

მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიან.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.


close დახურვა