logo
ENG



ომბუდსმენი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობისთვის მიმართავს

14 ივლ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

"2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა