აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ქვეყნებს, არ ჩაერიონ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში. ასეთ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.
"ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარისკაცების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ფაქტობრივად, ვხედავთ ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციის მნიშვნელოვან პერსპექტივას მთელ რეგიონში. ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები კარგ მდგომარეობაში და დაცულები არიან.
დამატებითი ჯარების განლაგება კიდევ ერთი გზავნილია მათთვის, ვინც ამ კონფლიქტის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, თუ რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა შეეცდება გააფართოოს ეს კონფლიქტი და ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, ჩვენი რჩევაა - ამას ნუ გააკეთებთ. ჩვენ ვინარჩუნებთ თავის დაცვის უფლებას და ყოყმანის გარეშე მივიღებთ შესაბამის ზომებს", - ამბობს ოსტინი.
გუშინ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის. ამასთან, მან თქვა, რომ აღნიშნული ნაბიჯი გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.