logo
ENG



ოხანაშვილი ყიფიანზე: ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას გარკვეული პერიოდია არ ეწევა

13 მარ 202317:27
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანია გარკვეული პერიოდია, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ბატონი ყიფიანი ბატონი ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას უკვე გარკვეული პერიოდია არ ეწევა და მასთან არ არის დაკავშირებული და რატომ გსურთ, რომ ეს დააკავშიროთ ბატონ ივანიშვილთან ან რაიმე ფორმით დააკავშიროთ ჩვენთან, მე ვერ გეტყვით [...] ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში ჩართული და შესაბამისად, არასწორია მე დამისვათ შეკითხვა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც ქართულ პოლიტიკაში არ არის ჩართული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისი თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტი გააკრიტიკა და დასვა კითხვა, თუ ის არასამთავრობო სექტორისთვის საგნობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევდა, მაშინ რას ემსახურებოდა მისი ინიციირება.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა