საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინ შეხვდნენ და უახლოეს დღეებში პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ.
"შალვა პაპუაშვილმა და რუსლან სტეფანჩუკმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
8 აპრილს სტეფანჩუკმა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია, პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა. ამ კომენტარს სტეფანჩუკმა პაპუაშვილს შოთა რუსთაველის აფორიზმით უპასუხა.