პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის მეორე ვარიანტი დარეგისტრირდა და განსახილველად წამყვან კომიტეტებს გადაეცა. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარალელურად მედიის წარმომადგენლები პარლამენტში აპროტესტებდნენ. მათ თან ჰქონდათ ბანერები წარწერით "არა რუსულ კანონს".
ამასთან, 63 მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა - შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.
ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დააინიცირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.