პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ "რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის".
ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ "საკვირველია" რეაქციები, თუ სად იყო პრეზიდენტი შეხვედრის დროს და ასევე, პიკეტიურებები და დაკავებები.
"რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის. ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.
ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.
ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციამ გეგმები არ შეცვალა და აქცია პარლამენტთან დილით გაიმართა. პოლიციამ 7 ადამიანი, მათი აზრით, მიუღებელი ფრაზების სკანდირების გამო დააკავა. მათ აქტივისტებს მოუწოდებს, სკანდირებისან თავი შეეკავებინათ, თუმცა, დემონსტრანტებმა ეს არ გაითვალისწინეს.
მოლაპარაკება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 1-ლ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა.
საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი.
მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მოაწყო და გაკეთდა განცხადებები, რომ მოლაპარაკებები გაგრძელება, აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ერთი მიღწევით არ კმაყოფილდებიან და აუცილებელია, ქართული ოცნების წევრებისთვის დისკომფორმტის შექმნა გაგრძელდეს.
